top of page
Working with Coffee
Post: Welcome
Writer's pictureTamo Kapi

კონტენტ მარკეტინგის 5 განმარტება და 5 მთავარი სარგებელი

Updated: Jul 13, 2021


რა არის კონტენტ მარკეტინგი, როდის გამოჩნდა და რატომ გახდა დღეს ასე აქტუალური?


ძნელია იმაზე საუბარი და ზუსტად განსაზღვრა, თუ როდის გაჩნდა კონტენტ მარკეტინგი. ბევრი მის ჩანასახად უძველესი ადამიანის მიერ გამოქვაბულის კედლებზე დახატულ გამოსახულებებს მიიჩნევს. საუკუნეების მანძილზე აზრის გამოხატვის ფორმები მართლაც იცვლებოდა, თუმცა ყოველთვის აქტუალური იყო ამბების, ფიქრების, ფაქტების გამოხატვა და სხვა ადამიანებისთვის გაზიარება. კონტენტ მარკეტინგიც ბიზნესსა და ადამიანებს შორის ურთიერთკავშირის შედეგად დაიბადა და დიალოგის ერთ-ერთი ფორმა გახდა. მაინც როგორ განმარტავენ ექსპერტები კონტენტ მარკეტინგს?


1. ,,კონტენტ მარკეტინგი სტრატეგიული მარკეტინგული მეთოდია, რომელიც ორიენტირებულია შექმნას და გაავრცელოს ღირებული, რელევანტური და თანმიმდევრული კონტენტი მკაფიოდ განსაზღვრული აუდიტორიის მოსაზიდად და შესანარჩუნებლად, რასაც საბოლოო ჯამში, მომხმარებლის მომგებიანი მოქმედება უნდა მოჰყვეს.“

Content Marketing Institute

2. ,,კონტენტ მარკეტინგი არის მარკეტინგული ტექნიკა, რომელიც ბიზნესის და მომხმარებლების მოთხოვნებს აკავშირებს შესაბამის კონტენტთან. კონტენტი არის საშუალება, რომლის მიზანია მოიზიდოს, ჩართოს და მომხმარებლად აქციოს სპეციფიკური სამიზნე აუდიტორია.“

TopRank Marketing


3. ,,კონტენტ მარკეტინგი ნიშნავს ღირებული და უფასო კონტენტის შექმნას, რომლის მიზანია მოიზიდოს და მომხმარებლებად აქციოს პოტენციური კლიენტები, ან და უკვე არსებულ მომხმარებლებს უბიძგოს ხელახალი ყიდვისკენ. კონტენტის ტიპი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ყიდით; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ ინფორმაციას აწვდით ადამიანებს, რათა მათ მოწონდეთ, გიცნობდნენ და გენდობოდნენ იმდენად, რომ სურვილი გაუჩნდეთ, თქვენი ბიზნეს საქმიანობის მონაწილეები გახდნენ.”

Copyblogger


4. ,,მარკეტინგია, როდესაც მსოფლიოს უხსნი, რომ როკ ვარსკვლავი ხარ, კონტენტ მარკეტინგი კი - უჩვენებ, რომ ნამდვილად ხარ როკ-ვარსკვლავი.“

@Robert_Rose


5. ,,ტრადიციული მარკეტინგი ესაუბრება ადამიანებს, კონტენტ მარკეტინგი კი საუბრობს მათთან ერთად“.

@dougkessler


კონტენტ მარკეტინგის ისტორია საუკუნეების წინ დაიწყო. პირველი მერცხალი, ექსპერტების აზრით, იყო ბენჯამინ ფრანკლინი, რომელმაც ბეჭდური ბიზნესის განვითარების მიზნით 1732 წლიდან დაიწყო ყოველწლიური ალმანახის - Poor Richard’s Almanack-ის გამოქვეყნება.



შემდეგ იყო წიგნების მაღაზია Librairie Galignani, რომელიც 1801 წლიდან თანამშრომლების მიერ შექმნილ კრეატიულ კონტენტ სტრატეგიებს იყენებდა, რაც მოიცავდა სამკითხველო დარბაზის მართვას და გაზეთს, რომელშიც ქვეყნდებოდა სტატიები ცნობილი ავტორების და წიგნების შესახებ. მე-19 საუკუნში საპრომოციო გაზეთებისა თუ ჟურნალების გამოცემა მეტად აქტუალური გახდა. ასეთ სტარატეგიას იყენებდნენ ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა Michelin, John Deere, Procter & Gamble. 1930 წელს Procter & Gamble სატელევიზიო და რადიო პროგრამებს უმატებს თავის კონტენტ სტრატეგიას. კონტენტ მარკეტინგის ახალი ერა კი მაინც იწყება ინტერნეტის ფართო გავრცელებასთან ერთად.


ტერმინი ,,კონტენტ მარკეტინგი" 1996 წელს ჟურნალ-გაზეთების რედაქტორთა ამერიკული საზოგადოების შეხვედრაზე დისკუსიის დროს დაიბადა. ჯონ ფ. ოპპედალი მიხვდა, რომ მისი ნათქვამი ფრაზა მარკეტინგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტერმინად იქცეოდა. 1998 წელს ჯერელ ჯიმერსონი იყო პირველი, ვინც Netscape-ს ონლაინ და კონენტ მარკეტინგის დირექტორი გახდა.


21-ე საუკუნეში, სოციალური ქსელის ფართო გავრცელებისთანავე, კონტენტ მარკეტინგი ყველასთვის ხელმისაწვდომი და მოთხოვნადი გახდა. რა გამოიწვია მისი ასეთი ,,აღზევება“? ალბათ, ადამიანები დაიღალნენ რეკლამებით, მშრალი ლოზუნგებით და დაპირებებით. თუ რეკლამის შემთხვევაში ბიზნესი გიდის როლს ასრულებს და მომხმარებლებს გზას უჩვენებს, კონტენტ მარკეტინგში ბიზნესი მიყვება მომხმარებლებს, მათთან უფრო ახლოს მიდის, მათთან დიალოგში ერთვება. ასეთი ბერენდი უფრო მეგობრული და ახლობელი ხდება მომხმარებლებისთვის. ასე უფრო მჭიდრო კავშირი მყარდება თითქოს აბსტრაქტულ ბიზნესსა და კონკრეტულ ადამიანებს შორის. მოკლედ, კონტენტ მარკეტინგის სარგებელი შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ:


1. თანმიმდევრული, მაღალი ხარისხის და საინტერესო შინაარსის კონტენტი დიდ გავლენას ახდენს მომხმარებლების გადაწყვეტილებაზე და შედეგად უფრო მეტ და უკეთეს ლიდებს იღებთ;


2. სამიზნე აუდიტორია რეალურად ხედავს, თუ როგორ აგვარებს პროდუქტი/მომსახურება მათ გამოწვევებს და უფრო მეტი ნდობა უჩნდება;


3. ზუსტად განსაზღვრული და მომხმარებლების საჭიროებებს მორგებული კონტენტი ზრდის კონვერსიას;

4. მომხმარებლებსა და ბიზნესს შორის მყარდება მჭიდრო ურთიერთობა, რაც აძლიერებს ბრენდთან ერთიანობის განცდას;

5. იზრდება ბიზნესის ხილვადობა და ბრენდის ცნობადობა.


ბოლოს, მინდა ვთქვა, რომ კონტენტ მარკეტინგი ჩემთვის ის ტურისტული კომპანიაა, რომელიც სულ მოგზაურობს პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან ერთად. ის ხან-ახალ ახალ ადგილებს იპყრობს, ხან ძველ მარშუტებს უბრუნდება, ხანაც ერთსა და იმავე ადგილს დიდხანს უტრიალებს კარგად გაცნობის და დაახლოების მიზნით. ის თუ როგორი იქნება მოგზაურობა და რა შთაბეჭდილებას მიიღებენ მომხმარებლები, ბიზნესის მიმართულებასა და იმ ადამიანებზეა დამოკიდებული, რომლებიც ამ პროცესებში მონაწილეობას იღებენ.

ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!


50 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page