top of page
Working with Coffee
Post: Welcome
Writer's pictureTamo Kapi

ბიზნესის ანატომია

Updated: Mar 14, 2021

შეკითხვას - რა არის ბიზნესი? ალბათ, უპასუხებთ, რომ ეს არის საგნები, ნივთები, პროდუქტები, მომსახურება... მაგრამ, თუ დავსვამთ შეკითხვას - ვინ არის ბიზნესი, შესაძლოა, დაიბნეთ კიდეც. ჩემთვის ბიზნესი არ არის ,,რა“, ჩემთვის ბიზნესი არის ,,ვინ“. ვინ, ვინ და... ადამიანი. თუ კარგად დავაკვირდებით, დავუახლოვდებით, დავათვალიერებთ, ნებისმიერ ბიზნესში ამოვიცნობთ სხვადასხვა ბუნების ადამიანს ინდივიდუალური აგებულებით, ხასიათით, თვისებებით, ემოციებით, მისწრაფებებითა და ოცნებებით.

ბიზნესიც ადამიანივით იბადება, იზრდება, ბერდება და ზოგჯერ კვდება კიდეც. ყველა, დიდი თუ პატარა კომპანია, ადამიანია, განსხვავებული ინდივიდი, მაგრამ მსგავსი ორგანოებით. მოდი, წარმოვიდგინოთ ადამიანის ანატომიური სხეული და მისი ორგანოები ბიზნესში გადავიტანოთ. ჩემი ასოციაციით, ისინი ასე გადანაწილდება:


ტვინი - მენეჯმენტი

ადამიანის სხეულის ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო ტვინია. ის აკონტროლებს ადამიანის ქცევას, აზროვნებას, მეხსიერებას, მეტყველებას, სმენას, მხედველობას, სუნთქვას, გულისცემას და ყველა შეგრძნებას. ერთი სიტყვით ტვინი არის ორგანო, რომელიც ადამიანს ადამიანად აქცევს. ის იღებს ყველანაირ ინფორმაციას, ამუშავებს მათ, იღებს გადაწყვეტილებებს და აყალიბებს ინდივიდს პიროვნებად.

ჩემი აზრით, ბიზნესის ტვინი მენეჯმენტია. ის აქცევს ბიზნესს ბიზნესად, აკონტროლებს კომპანიის მიმართულებებს, სტრატეგიას, კორპორატიულ კულტურას, იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და ორგანიზების, კოორდინირების, დაგეგმვისა და კონტროლის მეშვეობით, აყალიბებს ბიზნესს, როგორც მთლიან და ინდივიდუალურ პიროვნებას.


მარკეტინგი - გული

ადამიანის მეორე მნიშვნელოვანი ორგანო გულია. ცოცხალი ორგანიზმი იღუპება, თუ მისი უჯრედები მუდმივად არ მარაგდება სისხლით. გული ამ მხრივ გადამწყვეტ როლს ასრულებს. ის, ფაქტობრივად, ადამიანის ჩასახვისთანავე იწყებს მუშაობას და მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ ჩერდება. ამ ორგანოს ხშირად ადარებენ ძლიერ ტუმბოს, რომლის განუწყვეტელი მოქმედების შედეგად სისხლი მუდმივად გადაიტყორცნება სისხლძარღვებში და სხეულის სხვადასხვა ორგანოებში.

ამ აღწერაზე წარმოუდგენელია არ გაგახსენდეს მარკეტინგი. სტრატეგიული მარკეტინგული პროგრამების გარეშე, ნებისმიერი ბიზნესი დასაღუპადაა განწირული. მარკეტინგი ბიზნესის დაარსებიდანვე იწყებს ,,მუშაობას“ და მხოლოდ მისი დაღუპვის შემდეგ ჩერდება. ბიზნესის გულისცემის - მარკეტინგული კამპანიების შედეგად, ბიზნეს ,,უჯრედებსა“ და სხვადასხვა ,,ორგანოებში“ მუდმივად მოძრაობს სისხლი - კომპანიის მომხმარებლები.


ხერხემალი - ბრენდი/ბრენდინგი

ერთი შეხედვით ხერხემალი, თითქოს, უმნიშვნელო ორგანოა. არადა, ის ადამიანის სხეულის ცენტრალური ნაწილია, რომელზედაც ასხმულია დანარჩენი ნაწილები. ხერხემალზეა დამოკიდებული შინაგანი ორგანოების მდგომარეობა, ადამიანის მოძრაობა-გადაადგილება და დედამიწის მიზიდულობის ძალის დაძლევა.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხერხემალი ადამიანის საყრდენია. ბიზნესში მსგავს როლს თამაშობს ბრენდი. ბრენდინგის გარეშე კი, უბრალოდ, წარმოუდგენელია ბრენდის არსებობა-განვითარება. ამიტომაც ბრენდი ბიზნესის ცენტრალური ნაწილია, რომელზედაც ასხმულია დანარჩენი ნაწილები. ბრენდინგზე კი დამოკიდებულია ბიზნესის შინაგანი მდგომარეობა, მისი ,,მოძრაობა-გადაადგილება“ და მომხმარებელთა მიზიდულობის ძალის გაკონტროლება.


ფილტვები - ფინანსები

ადამიანის სხეულის მნიშვნელოვანი ორგანოა ფილტვებიც. მათ გარეშე წარმოუდგენელია სიცოცხლე. ფილტვების მეშვეობით ადამიანი ჟანგბადს - სიცოცხლისთვის აუცილებელ აირს იღებს და გამოყოფს ნახშიროჟანგს. მოკლედ რომ დავახასიათოთ, ფილტვები წყვილი ორგანოა, რომელიც ახორციელებს აირთა ცვლას ჩასუნთქულ ჰაერსა და სისხლს შორის.

რითი სუნთქავს ბიზნესი? რა თქმა უნდა, ფინანსებით. ბიზნესის მართვაში ფინანსები გადამწყვეტ როლს ასრულებს. მასზეა დამოკიდებული ჟანგბადის - შემოსავლების მიღება და ნახშიროჟანგის - ხარჯების გაკონტროლება. ერთი სიტყვით, ფინანსები ის სტრატეგიული ორგანოა ბიზნესში, რომელიც ახორციელებს მატერიალური რესურსების ცვლას კომპანიასა და მომხმარებლებს შორის.

გრძნობათა ორგანოები - სტრატეგიული კომუნიკაციები

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ადამიანს 5 გრძობა აქვს, 6, 7 თუ 21, უმთავრესი მაინც სმენა, მხედველობა, ყნოსვა, გემოვნება და შეხებაა. თითოეულ მათგანს შესაბამისი ორგანო ახორციელებს: მხედველობას - თვალი, სმენას - ყური, ყნოსვას - ცხვირი, გემოვნებას - ენა, შეხებას - კანი. გრძნობათა ორგანოები ადამიანის ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობის უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ფაქტორებია.

ბიზნესის გრძნობათა ორგანოები კომუნიკაციები და მისი სხვადასხვა პლათფორმებია. მხედველობა - რეკლამა; სმენა - საზოგადოებასთან ურთიერთობა; ყნოსვა - ივენთები/ ღონისძიებები; გემოვნება - რეკომენდაცია/WOM/ ინდივიდუალური გაყიდვები; შეხება - პრომო აქციები (Sales Promotions). როგორც გრძნობათა ორგანოები, საკომუნიკაციო პლათფორმებიც 5-ზე მეტია და ხშირად იცვლება, ვითარდება ან ტრენდული ხდება. თუმცა, ხუთივე მათგანი, ადამიანის გრძნობათა ორგანოების მსგავსად, ბიზნესის ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობის განმსაზღვრელი ფაქტორია.

ეს ის ძირითადი და სტრატეგიული ორგანოებია, რომლის გარეშეც ვერც ადამიანი და ვერც ბიზნესი უბრალოდ ვერ შედგება. ძნელია, რომელიმე მათგანს უპირატესობა მიანიჭო ან მთლიან ორგანიზმს მოაშორო. ისინი ყველა სხვა დანარჩენ ნაწილებსა და ორგანოებთან ერთად ქმნიან ერთიან სხეულს (ამ შემთხვევაში ბიზნესს), რომელიც არსებობს, იბრძვის, ოცნებობს, იზრდება და ვითარდება...










12 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page