top of page
Working with Coffee
Post: Welcome
Writer's pictureTamo Kapi

10 გავრცელებული შეცდომა კონტენტ მარკეტინგში




კონტენტ მარკეტინგი მეფეა, ვამბობთ, მაგრამ ის ყოველთვის არ არის მონარქი. ეს უმეტესად იმ შემთხვევებში ხდება, როდესაც მის მეფობას ვერ აფასებენ და ის მსახურის ,,დონეზე“ ჩამოყავთ. კონტენტ მარკეტინგი ეფექტურია იარაღია მომხმარებლების დასაინტერესებლად, მოსაზიდად და მათ შესანარჩუნებლად, თუმცა ამ ყველაფერს სწორი გამოყენება ჭირდება.


მითები და არასწორი ფორმულები ბევრია, მაგრამ მე 10 ყველაზე გავრცელებულ შეცდომაზე გავამახვილებ ყურადღებას.


1. კონტენტ მარკეტინგი იგივე რეკლამაა


კონტენტ მარკეტინგი არ არის რეკლამა და, ცხადია, ის არ ,,იმუშავებს“ რეკლამის მსგავსად. თუ რეკლამით კომპანია ცდილობს მომხმარებლებს აჩვენოს საკუთარი მომსახურება/პროდუქტი იმ კუთხით, რაც თვითონ მოსწონს, კონტენტ მარკეტინგის შემთხვევაში მომხმარებლებს ვწვდით იმას, რაც მათ მოსწონთ, ჭირდებათ და სარგებელს მოუტანთ. რეკლამა სწრაფად ვრცელდება და, შესაბამისად, შედეგიც მოკლე დროში აქვს. კონტენტ მარკეტინგს რაც შეეხება, ის გრძელვადიან და ხანგრძლივ შედეგებზეა ორიენტირებული. რეკლამა სპრინტია, კონტენტ მარკეტინგი კი - მარათონი. შესაბამისად, მისთვის უფრო მეტი და ხანგრძლივი მომზადებაა საჭირო.



2. კონტენტ მარკეტინგი ყველაზე ეფექტურია


კონტენტ მარკეტინგი მართლაც ეფექტური იარაღია მომხმარებლებთან ურთიერთობის ,,ასაწყობად“, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის მარკეტინგის ერთ-ერთი მიმართულებაა. ამიტომ მთლიანი სტრატეგიის აგება მხოლოდ მის ინსტრუმენტებზე არ გამოგვადგება და არც დიდ შედეგებს მოიტანს. სად არის გამოსავალი? იდეალურ შემთხვევებში კონტენტ მარკეტინგი საერთო მარკეტინგული სტრატეგიის ნაწილად უნდა ვაქციოთ, რაც გაამყარებს ბრენდისადმი ნდობას და მისი უნიკალურობის გააზრებას მომხმარებლებში.


3. კონტენტ მარკეტინგში მომხმარებელი არ არის მნიშვნელოვანი


კონტენტ მარკეტინგის მთავარი ხიბლი და მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ის მომხმარებლების ,,ანარეკლია“. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ კონტენტი არ იქმნება მხოლოდ ტრენდების, სოციალური ქსელების, საიტის საჭიროებების და სხვა გაურკვეველი მიზნების მიხედვით. აქ სტრატეგიის მთავარი სამიზნე მომხმარებელი და მისი საჭიროებებია. ამიტომაც კონტენტ სტრატეგიის განსაზღვრის დროს აუცილებელია მომხმარებლების და მათი საჭიროებების კარგად შესწავლა, დაკვირვება და ამის შემდეგ მათზე ,,მორგებული“ კონტენტის შექმნა. ეფექტურია არამარტო მომხმარებლის ტიპის განსაზღვრა, არამედ იმ გზის გარკვევაც, როგორ მიდის ის ყიდვის გადაწყვეტილებამდე ანუ მნიშვნელოვანი ე.წ. Buyer’s Journey-ის გათვალისწინება.


4. კონტენტ მარკეტინგი მხოლოდ სოციალური მედიის საკუთრებაა


კონტენტ მარკეტინგის ,,აღზევებას“ ხელი სოციალური ქსელების გავრცელებამ შეუწყო, თუმცა ის მხოლოდ სოციალური პლათფორმების საკუთრება არ არის. სოციალურ ქსელში აქტიურობა, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, თუმცა სხვადასხვა სახის კონტენტის გამოყენება და ,,შერევა“ უფრო ეფექტურია. საიტის/ბლოგის განვითარება მნიშვნელოვანია მომხმარებლებთან კომუნიკაციის პროცესში მათი დაინტერესება/ჩართვის მიზნით. თუ სოციალურ ქსელში უმეტესად გამავალი მარკეტინგის (Outbound Marketing) გამოყენება გვჭირდება, ბლოგი და სიტი შემომავალი მარკეტინგის (Inbound Marketing) წყალობით ორგანულ წვდომას უწყობს ხელს. საერთო ჯამში ორივე - საიტიც და სოციალური პლათფორმებიც ერთმანეთს აბალანსებენ და შედეგებიც უფრო ეფექტური გამოდის.



5. კონტენტ მარკეტინგის ძაბრი რა გაურკვევლობაა!..



მართლაც ასეა, უამრავი ექსპერტი და მრავალნაირი შაბლონი არსებობს, მაგრამ კონტენტ მარკეტინგში მომხმარებლების ,,მოგზაურობას“ პირობითად 3 ნაწილად ყოფენ. ესენია:

  • გაცნობის/მიზიდვის ეტაპი (Top of the funnel (TOFU)

  • განხილვის ეტაპი (Middle of the funnel (MOFU)

  • გადაწყვეტილების მიღების ეტაპი (Bottom of the funnel (BOFU)

ზოგჯერ მე-4 ეტაპსაც ამატებენ და ეს არის მყიდველის შენარჩუნების/ლოიალურობის ეტაპი (Customer Retention/Loyalty).


პირველ საფეხურზე ანუ გაცნობის/პოვნის ეტაპზე მნიშვნელოვანია ყურადღების მიპყრობა. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გააზიაროთ ბლოგ-პოსტები, პოსტები სოციალურ მედიაში, ,,იმეილ ნიუსლეთერი“, გაცნობითი ვებინარები, სახელმძღვანელოები, ,,ჩექლისტები“, რჩევები, ,,როგორ“ (how to) კონტენტი.


მოერე ეტაპზე მნიშვნელოვანია მეტი ინფორმაციის მიწოდება. ამ ეტაპზე პოტენციურ მომხმარებლებს უნდა მოეწონოთ ან ,,მოაწონოთ“ თავი. ასე რომ რეკომენდირებულია საინფორმაციო და სასწავლო კონტენტის გაზიარება, როგორიცაა Product descriptions, Data sheets, რეკომენდაციები, ,,ქეის სთადი“, ხშირად დასმული კითხვები, ელექტრონული წიგნები და სახელმძღვანელოები, უფასო მაგალითები (Free sampls.)


მესამე ეტაპზე მომხმარებლებმა უნდა მიიღონ გადამწყვეტი გადაწყვეტილება ანუ ეს არის ნდობის მოპოვების ეტაპი. ამ დროს აქტუალურია ისეთი კონტენტის გაზიარება, როგორიცაა დემოები, საცდელი ნიმუშები, წარმატების ისტორიები, ფასდაკლებები, უფასო მომსახურება/კონსულტაცია.


მეოთხე ეტაპს რაც შეეხება, აქ უკვე გაქვთ მომხმარებლების ნდობა, მაგრამ მნიშვნელოვანია მათი შენარჩუნება და ამ ნდობის გამყარება. ამ დროს რეკომენდირებულია გააზიაროთ ექსკლუზიური კონტენტი, პროდუქტის/მომსახურების სიღრმისეული განხილვა, კონფიდენციალური რჩევები.



6. კონტენტ მარკეტინგში არ გვჭირდება უწყვეტი/თანმიმდევრული კომუნიკაცია


კონტენტ მარკეტინგი არ არის ერთჯერადი ხელსახოცი. საჭიროა მუდმივი/თანმიმდევრული დიალოგი მომხმარებლებთან და მათი მისწრაფებების/ინტერესების გათვალისწინება. რადგანაც კონტენტ მარკეტინგის ეფექტურობა დროშია გაწელილი და შედეგებიც, ასე თუ ისე, მაინც არაპროგნოზირებადია, მნიშვნელოვანია მუდმივი დაკვირვების ქვეშ გვყავდეს მომხმარებლები და მუდმივად ვსწავლობდეთ ჩვენ მათგან, ისინი კი ჩვენგან. ცალკე, დამოუკიდებლად, მომხმარებლებთან კავშირის გარეშე კონტენტ მარკეტინგი ვერ იარსებებს!



7. კონტენტის შექმნას რა უნდა?!



რასაკვირველია, არსებობენ დიდი და პატარა კომპანიები, რომლებიც განსხვავებულად იყენებენ კონტენტ მარკეტინგს. თუ დიდ კომპანიას შეუძლია მთელი დეპარტამენტი შექმნას, პატარა კომპანიას იგივე რესურსი არ გაჩნია. თუმცა, უფრო ეფექტურია კონტენტის შექმნასა და გავრცელებაზე რამდენიმე პირი მუშაობდეს.


კონტენტის შექმნა პირობითად შეიძლება 5 საფეხურად დავყოთ, ესენია:


  • კონტენტის დაგეგმვა და სტრატეგიის შემუშავება (ამ ეტაპს და მთლიანად კონტენტის სტრატეგია/აღსრულებას ხელმძღვანელობს კონტენტ მარკეტინგის მენეჯერი ან კონტენტ სტრატეგი);


  • კონტენტის შექმნა (კონტენტს ქმნის კონტენტ კრეატორი, ქოფირაითერი და ა.შ, დამოკიდებულია კონტენტის სახეობაზე);


  • კონტენტის რედაქტირება (კონტენტის შექმნის შემდეგ მნიშვნელოვანია მისი რედაქტირება, რასაც კონტენტის რედაქტორი ასრულებს);


  • კონტენტისთვის დიზაინის/ვიზუალის შემუშავება (კონტენტის ვიზუალის შექმნაზე მუშაობს დიზაინერი ან დიზაინერთა ჯგუფი);

  • კონტენტის განთავსება/გავრცელება და შედეგების ანალიზი (გააჩნია კონტენტს და შესაბამის არხებს, მარკეტინგის გუნდსა და მის სტრუქტურას, გავრცელებაზე პასუხისმგებელი შეიძლება იყოს სოციალურ მედია მენეჯერი, ციფრული მარკეტინგის მენეჯერი, ან ნებისმიერი პირ(ები)ი მარკეტინგის გუნდიდან).



8. კონტენტის რაოდენობა გადამწყვეტია


არ არსებობს ფორმულა, არც კანონი, არც რაიმე კოდექსი, რომელიც განსაზღვრავს ან კრძალავს კონტენტის რაოდენობას და მათ გავრცელებას. ყველაფერი ისევ კომპანიის მიზნებსა და მომხმარებლების ინტერესებზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია ისიც, თუ სად იკრიბება ბრენდის მხარდამჭერი აუდიტორია და ძირითადად რა სახის კონტენტს აქცევს ყურაღებას. მაგრამ მაინც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კონტენტი კონტენტისთვის არ იქმნება და პაუზის გამო მომხმარებლები არ დაგვსჯიან. მთავარი ხარისხია და არა რაოდენობა. თუმცა, აქაც მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ კონტენტი საინტერესო და სარგებლის მომტანი უნდა იყოს მომხმარებლებისათვის.


9. რა საჭიროა მიზანი და სტრატეგია?


თუ კონტენტ მარკეტინგი არაპროგნოზირებადია და დროშია გაწელილი, მაშინ რა საჭიროა მიზნებისა და სტრატეგიის განსაზღვრა? ნამდვილად სწორი კითხვაა, თუმცა მიზნებისა და სტრატეგიის არქონით ისევ კონკურენტებს გააძლიერებთ. მომხმარებლებთან ნებისმიერ კომუნიკაციას ჭირდება დაგეგმვა და სტრატეგია. კონტენტი ხომ იმისთვის იქმნება, მომხმარებლებს სარგებელი მოუტანოს? მაშინ იმის განსაზღვრაც აუცილებელია, რომელ ,,კონკრეტულ“ მომხმარებელს რა ,,კონკრეტული“ სარგებელი უნდა მოუტანოს.

კონტენტ მარკეტინგში გავრცელებულია ე.წ. Smart Goals დასახვა. ინგლისურად ეს აბრევიატურა ასე იშიფრება (ქართულად ის სხვა კომბინაციას ქმნის):


Specific - კონკრეტული

Measurable - გაზომვადი

Achievable/Attainable - მიღწევადი/მისაწვდომი

Relevant/Realistic - რელევანტური/რეალისტური

Timely/Time-bound - დროული/დროში გაწერილი



10. ერთნაირი კონტენტი ყველგან


კონტენტ მარკეტინგში ყველაზე დიდი შეცდომაა შეუსაბამო კონტენტი, რომელიც არც აუდიტორიის მისწრაფებებს ეხმიანება და არც პლათფორმებთანაა შესაბამისობაში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კონტენტს აუცილებლად უნდა გააჩნდეს მიზანი, ჰქონდეს ქვეტექსტი (,,სათქმელი“) და სარგებლის მომტანი უნდა იყოს როგორც ბრენდისთვის, ისე კომპანიისთვის. საიტი იქნება, სოციალური ქსელი თუ სხვა ღონისძიებები, კონტენტი უნდა იყოს მათი შესაბამისი. ერთიანობას რაც შეეხება, საერთო უნდა იყოს ბრენდის სტილი, ხმა და ფასეულობები.


,,ძირს მეფე, გაუმარჯოს მეფეს“ - ეს ცნობილი ისტორიული ფრაზა ისევ კონტენტ მარკეტინგს ეძღვნება. ის, თუ რას ვეტყვით ჩვენს აუდიტორიას მეფის გადასაწყვეტია, მაგრამ აუდიტორია უმეტესწილად განსაზღვრავს იმას, რაც უნდა ვუთხრათ...


გისურვებთ წარმატებებს კონტენტ მარკეტინგში!


შემომიერთდით:




97 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page