ხშირად თავს ვიწონებთ იმით, რომ ტექნოლოგიების საუკუნეში ვცხოვრობთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს კრეატიულობის საუკუნეა. თანამედროვე ბიზნესი დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას - თითქოს ყველაფერი მოფიქრებული და განხორციელებულია, ძნელია ახლის შექმნა ან მომხმარებლების გაოცება. სად არის გამოსავალი? გამოსავალი იდეებშია, ადამიანის მიერ მოფიქრებულ იდეებში. ამიტომაც კრეატივი თანამედროვე ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი რესურსია.
რატომ უნდა იყოს თანამედროვე ბიზნესი კრეატიული და რატომ არ გამოგვადგება ის სტანდარტული მიდგომა, რაც ათეული წლების წინ წარმატების საწინდარი იყო? მოდი, ჯერ განვსაზღვროთ რა არის კრეატივი და რას მოიცავს ეს მიმზიდველი სიტყვა.
კრეატივი არის ის, რაც აერთიანებს შემოქმედებით უნარებს, არასტანდარტულ აზრებს, ახლებურ ხედვას, საზრიან იდეებს, განსხვავებულ ქმედებებს, მოქნილ აზროვნებას, ორიგინალურ მიდგომებს...
კრეატიულობა ადამიანის გონების თანდაყოლილი უნარია, რომელსაც გავარჯიშება და გააქტიურება ჭირდება. ნებისმიერი ადამიანი კრეატიულია. შესაბამისად, ნებისმიერ კომპანიას შეუძლია იყოს ,,კრეატიული“, თუ, რასაკვირველია, ამის სურვილი გაუჩნდება. მაგრამ აქ აუცილებელია 3 ფაქტორის მუდმივად გათვალისწინება, ესენია:
თანამშრომლებისთვის გახსნილი გარემოს უზრუნველყოფა;
ახალი პროდუქტების/მომსახურების დამატება;
საინტერესო/ახლებური გამოცდილების შექმნა.
მოდი, გავაანალიზოთ სამივე ფაქტორი...
როდესაც ბიზნესის კრეატიულობაზე ვფიქრობ, პირველი მაინც ,,ეფლი“ მახსენდება. შექმნიდან დღემდე, ეს კომპანია კრეატივზე ,,დგას“. ,,ტექნოლოგია არაფერია. მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანების გჯერა, რომ ისინი კარგები და ჭკვიანები არიან და თუკი საჭირო ინსტრუმენტებს მისცემ, არაჩვეულებრივ რაღაცეებს შექმნიან,“ - ეს სიტყვები ცნობილ სტივ ჯობსს ეკუთვნის. კომენტარი ზედმეტია, ,,ეფლი“ არის ის, რაც ამ სიტყვებში ,,დევს“. თუ შექმნი კრეატიულობისთვის ხელშემწყობ გარემოს, თანამშრომლები არაჩვეულებრივ რამეებს შექმნიან. ასე რომ, ტექნოლოგიების ძიებასა და მათი ინოვაციურობის განცდაში, არ უნდა დავკარგოთ მთავარი - ადამიანის გონება და მისი შესაძლებლობები, მისი ინდივიდუალიზმი.
ის ადამიანები, რომლებიც წლებია ბიზნესში მოღვაწეობენ, ალბათ, დაგვეთანხმებიან, რომ არ არსებობს მუდმივი და უცვლელი პროდუქტი/მომსახურება. მნიშვნელოვანია დროდადრო მაინც ცვალო, გააუმჯობესო, დახვეწო ან ჩაანაცვლო ის, რასაც მომხმარებლებს სთავაზობ. სამყარო არ არის სტატიკური, ის მუდმივად იცვლება და, შესაბამისად, ადამიანებიც იცვლებიან. წარმოუდგენელია, დღეს ადამიანებს შესთავაზო ის, რაც 100 წლის წინ ახალი და საინტერესო იყო. დაიმახსოვრეთ, ყველა ადამიანი კრეატიულია მეტ-ნაკლები დოზით და ამიტომაც მომხმარებლებს არაფერი რჩებათ შეუმჩნეველი.
კრეატიული ადამიანის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა - გაექცეს მოწყენილობას და ერთფეროვნებას. თუ თანამედროვე მომხმარებლებს დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ დღეს ადამიანები საინტერესო გარემოს და გამოცდილებას ეძებენ. ასე რომ, თანამედროვე ბიზნესის წინაშე ისევ და ისევ მნიშვნელოვანი გამოწვევა დგას - შექმნას ახლებური, საინტერესო და ორიგინალური გამოცდილება ან მოიფიქროს ორიგინალური გზა ძველი ,,ახლებურად“ გადააწყოს.
არქიმედე 21-ე საუკუნის მეცნიერი რომ ყოფილიყო, ალბათ თავის ცნობილ ფრაზას ასე იტყოდა: ,,მომეცით კრეატივი და მე დედამიწას დავძრავ!“ ეს ხუმრობით, მაგრამ კრეატივის როლი და მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება დედამიწაზე. ტექნოლოგიებმა ბევრგან ჩაანაცვლა ადამიანი, მაგრამ ადამიანის კრეატიულ აზროვნებას მაინც ვერცერთი რობოტი შეცვლის...იმიტომ რომ, იმიტომ რომ იდეების წყარო ადამიანია და რობოტებიც მან შექმნა...
Comments