,,მითხარი, ვინ არის შენი ბოსი და... გეტყვი, ვინა ხარ შენ!“ – გეცნობათ, ალბათ, ეს სიტყვები. მე ცოტა შევცვალე და სხვა კონტექსტი მოვარგე. იმედია მიხვდით, რომელ თემას ვუმიზნებ. თუ ვერ გამოიცანით, მაინც გირჩევთ გაგრძელოთ კითხვა.
ჩვენ, ხშირად, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ვემსგავსებით იმ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც დიდ დროს ვატარებთ. ამიტომაც ნებისმიერი ჩვენგანისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პროფესიულ არჩევანს და საქმიან გრემოს. მოკლედ, მინდა დამქირავებლებისა და თანამშრომლების ურთიერთობის თემას შევეხო.
თუ ყველა არა, უმრავლესობა მაინც, კარიერული განვითარების ნებისმიერ საფეხურზე, სტივ ჯობსისა და მისი ლეგენდარული ეფლის მსგავს კომპანიაზე ვოცნებობთ. დამქირავებლები, ჩვენგან განსხვავებით, ყველაზე უარეს შემთხვევაში ,,ვარსკვლავებსა“ და ,,სუპერგმირებს“, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში კი მოტივირებულ თანამშრომლებს ეძებენ, რომლებსაც კარგ სამუშაო გარემოს და განვითარებას შესთავაზებენ.
მოდი, ორივე მათგანი განვიხილოთ. ორივე შემთხვევაში ჩემს ისტორიებსა და გამოცდილებაზე ვისაუბრებ.
ეს ამბავი არცთუ შორეულ წარსულში მოხდა. ზამთრის სუსხიან დილას, სტივ ჯობსსა და ეფლის მსგავს კომპანიაზე ოცნებით სავსე, ,,ავტოფარეხში“ აღმოჩნდი, მაგრამ ისე არ განვითარდა ყველაფერი, როგორც ჰოლივუდის ფილმებში ხდება. ძლივს მივაგენი ოფისს, რომელსაც არც წარწერა ჰქონდა და არც ზუსტი მისამართი. შუახნის მამაკაცმა შემიყვანა ოთახში, რომელიც ავტოფარეხს უფრო ჰგავდა, ვიდრე თანამედროვე ოფისს. კომუნისტური ეპოქის, უზარმაზარ ხის საწერ მაგიდასთან სათვალიანი მამაკაცი იჯდა, რომელიც რაღაცნაირად ჰგავდა სტივ ჯობსს. იქვე ძველებური ,,პლიტაც“ ბრიალებდა და, როგორც ჩანს, მხოლოდ ის ათბობდა ,,ოფისს“. აქ არც ჩემი IQ შეამოწმეს და არც EQ. გასაუბრებაც ტრადიციულ ჩარჩოებს გასცდა. გაცნობის შემდეგ სათვალიანმა მამაკაცმა გამოცდა ჩამიტარა, ჩემი ბიზნეს-ინგლისურის დონე რომ გაერკვია. ცხადია, ლექსიკონი არ ვარ და ლექსიკონიდან ამოკითხულ ყველა სიტყვას შესაბამისი ინგლისური შესატყვისი ვერ შევაგებე, მაგრამ ეს არაფერი. მოვლენები უსწრაფესად მაშინ განვითარდა, როდესაც სათვალიანმა მამაკაცმა რეზიუმეს გადახედა და ჩემი სამუშაო გამოცდილებით დაინტერესდა. მეც გულწრფელად ვისაუბრე. როდესაც ერთი–ორი კომპანიის შესახებ ვთქვი, დაუხურა-მეთქი, ჩემს გამომცდელს ფერი ეცვალა და კატეგორიულად გამომიცხადა: ,,მე შენ სამსახურში ვერ აგიყვან, ცუდი ფეხი გქონია და მეც ცუდად წამივა საქმეო“. ვერ წარმოვიდგენდი მეკვლეს თუ ეძებდნენ, თორემ ნამდვილად არ შემოვაბიჯებდი ამ ავტოფარეხში, რომელსაც აშკარად ეტყობოდა, საქმე ისედაც ცუდად ჰქონდა. რაღაცნაირად მსუბუქად წამოვედი, გამიმართლა, რომ არ დაინტერესდნენ ჩემით. დავტოვე სათვალიანი მეოცნებე თავის ავტოფარეხში ფეხბედნიერი მეკვლეს და იღბლიანი ახალი წლის მოლოდინში.
რატომ უნდა იყოს კომპანიის აყვავება თანამშრომლების ,,ფეხებზე“ დამოკიდებული მაშინ, როდესაც ტვინი თავშია და ემოცია გულში?! პროფესიონალ გუნდსა და მოტივირებულ თანამშრომლებზე ბევრადაა კომპანიის წარმატება დამოკიდებული, მაგრამ თუ მათ სწორ სამოქმედო გეგმას, მომავლის ხედვას და შესაბამის გარემოს ვერ შესთავაზებ, ვერასდროს დააღწევ თავს ავტოფარეხს და ვერც ,,ეფლის“ მასშტაბებს შეიძენ. ისევ სტივ ჯობსს და მის ფრაზებს გავიხსენებ: ,,ტექნოლოგია არაფერია. მნიშვნელოვანია, როცა ადამიანების გჯერა, რომ ისინი კარგები და ჭკვიანები არიან და თუკი საჭირო ინსტრუმენტებს მისცემ, არაჩვეულებრივ რაღაცეებს შექმნიან“...
როგორც შეგპირდით, მეორე ისტორიაც მაქვს, მაგრამ პირველისგან განსხავებით აქ ყველაფერი სხვაგვარადაა. ამჯერად ცნობილ და წარმატებულ კომპანიაში აღმოვჩნდი, რომელიც 25 წელია არსებობს და წარმატებულად საქმიანობს ქართულ ბაზარზე (შეგნებულად არ ვასახელებ ამ ორგანიზაციას, რეკლამაში რომ არ ჩამეთვალოს). ახლა უკვე ნამდვილ ოფისში თანამედროვე მაგიდასა და მოწყობილობებთან სერიოზული დირექტორი იჯდა ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერთან ერთად. არც ამ შემთხვევაში იყო ,,ჰეფი ენდი“, მაგრამ მაინც ,,გამიმართლა“.
იმდენად ცვალებად დროში ვცხოვრობთ, ხშირად ვდგებით მრავალფეროვანი გამოწვევების წინაშე და ასე თუ ისე, მაინც გვჭირდება ზოგჯერ საქმიანობის თუ პროფესიის შეცვლა. მეც ამგვარი გამოწვევის წინაშე ვიდექი ჩემი ცხოვრების იმ მონაკვეთში, მაგრამ თავს ვიწონებდი იმით, რომ სხვადასხვა დროს სხვადასხვა სამიანობით ვიყავი დაკავებული და მრავალფეროვანი გამოცდილება მქონდა. როდესაც იმ კონკრეტულმა დირექტორმა იმ კონკრეტულ მომენტში ჩემს რეზიუმეს გადახედა, სწორედ ეს დამიწუნა; მითხრა, ძიების პროცესში ხარ და ვერ გაგირკვევია, რა გინდაო. ნამდვილად დამაფიქრა მისმა სიტყვებმა, მივხვდი, რომ უნდა ჩამოვყალიბებულიყავი, თუ რა მინდოდა სინამდვილეში და სად წავსულიყავი. რომ არა ჩემი მაშინდელი ძიება და არჩევანი, ახლა ამ ბლოგ პოსტს ნამდვილად ვერ დავწერდი. ეს ისტორია და ის ადამიანი ჩემთვის ამჯერად გაკვეთილი და გამოცდილება აღმოჩნდა, რომელმაც იმაზე მეტი სარგებელი მომიტანა, ვიდრე აღნიშნულ კომპანიაში დარჩენა მომიტანდა.
საბოლოოდ რომ შევაჯამო, ცხოვრება საუკეთესო სკოლაა და მშვენიერ გაკვეთილებს გვიგზავნის ადამიანების სახით. მთავარია, კარგად მოვისმინოთ და გავიაზროთ ის, რასაც გვეუბნებიან. ნამდვილად უმჯობესია იყო იქ, სადაც შენს ბოსს მასშტაბური ხედვა და აზროვნება აქვს, სადაც შენზე ზრუნავენ და გაფასებენ. მაგრამ ზოგჯერ ხდება ისეც, რომ ერთი შეხედვით რეპუტაციის მქონე კომპანიის უკან მისი დამფუძნებლის შეზღუდულობა და ვიწრო ხედვა იმალება. თუ თქვენი დამქირავებელი სტივ ჯობსი აღმოჩნდა, ნამდვილად გაგიმართლათ, მაგრამ თუ ზღაპრულად მეოცნებეს გადაეყარეთ, მაშინ... ფეხები იმისთვის გაქვთ, რომ გაიქცეთ და გაეცალოთ. როდესაც საქმე ბიზნესს ეხება, ზრაპრები და ლეგენდები საოცრებებს ვერ ახდენს. მერწმუნეთ იმაშიც, რომ ვერც თქვენ აღმოჩნდებით ის ცისკრის ვარსკვლავი, რომელიც მსგავსი პათოსის მქონე კომპანიას გააბრწყინებს.
წარმატებულ კარიერასა და საქმიანობას გისურვებთ!
გამომყევით Facebook-ზე: https://www.facebook.com/Business-Anatomy-100100405447311
Commenti