top of page
Working with Coffee
Post: Welcome
Writer's pictureTamo Kapi

ქალი და მამაკაცი ბიზნესში




ქალი და მამაკაცი - ამ სიტყვების წაკითხვისას ალბათ ფრანგი რეჟისორის - კლოდ ლელუშის ცნობილი ფილმი გაგახსენდებათ, მაგრამ ახლა, კინოს ნაცვლად, ბიზნესზე უნდა ვისაუბრო. არავინ იცის, დრომ მოიტანა, ახალმა გამოწვევებმა თუ ტექნოლოგიურმა განვითარებამ, ერთი რამ ნათელია - ქალების როლი და რაოდენობა ბიზნესში სწრაფი ტემპით იზრდება. დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმაზე ბევრად მეტი ქალი ბიზნესმენია, ვიდე 10 ან 20 წლის წინ იყო, თუმცა რაოდენობრივად მაინც მამაკაცები ჭარბობენ.

ქალი და მამაკაცი ორი განსხვავებული სამყაროა, ორი პოლუსია, ორი საოცრებაა. ცხადია, ისინი განსხვავებულად დაიწყებენ ბიზნესს და ერთნაირ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ. როდესაც ამ თემით დავინტერესდი, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებულ კვლევებს გადავხედე. ყველგან, თითქმის, ერთნაირი შედეგები და საერთო ტენდენციები გამოკვეთა.


  • როგორც ჩანს, ქალები მამაკაცებზე ნაკლებად გამოცდილები არიან ბიზნესში, თუმცა უფრო ხშირად ესწრებიან ტრენინგებს და მეტად ზრუნავენ ცოდნის ამაღლებაზე;

  • უცნაურია, მაგრამ მამაკაცებისგან განსხვავებით ქალები უმეტესად პარტნიორის გარეშე იწყებენ ბიზნესს;

  • რაც შეეხება თავდაჯერებულობას, მამაკაცებს უფრო მეტად სწამთ მომავლის და წარმატების, ვიდრე ქალებს;

  • როდესაც საქმე გადაწყვეტილებას ეხება, ორივე სქესის წარმომადგენლები ბიზნესში უმეტესად დამოუკიდებელი და თავისუფალი საქმიანობის გამო მიდიან.


უნარები, რა თქმა უნდა ქალსაც და მამაკაცსაც განსხვავებული აქვთ, მაგრამ ,,სუსტი სქესი“ მთელი თავისი არსით ბიზნესში არ არსებობს. ჩემი აზრით, სქესის განცდაც წაშლილია და თუ არ არის წაშლილი, ასე უნდა იყოს.

მოდი, მივყვეთ იმ გამოწვევებს და ტენდენციებს, რაც დღეს ქალის და მამაკაცის წინაშე დგას ბიზნესში და, შესაბამისად, საქმიან ურთიერთობებში.




ქალი და ბიზნესი


მაინც რა გამოწვევების წინაშე დგას ქალი ბიზნესმენი და როგორ უმკლავდება მათ?

,,ერთხელ ერთმა ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა თქვა: ,,ცხოვრება ისეთი საკითხების ექსპერტად გაქცევს, საერთოდ რომ არ აირჩევდი ოდესმე მათი ექსპერტი გამხდარიყავიო“. ამ სიტყვებს დიდი რეზონანსი აქვს ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელიც ბიზნესმენიცაა და ორი შვილის დედაც“, - წერს თავის ერთ-ერთ ბლოგ-პოსტში მითა ვენგაპალი, სილიკონ ველიზე დაფუძნებული ფიტნეს და ტექნოლოგიური კომპანია Garnysh-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. როგორც უამრავი ქალი ბიზნესმენისთვის, ისე მითასთვისაც მთავარი გამოწვევაა სტერეოტიპების დამსხვრევა და ახალი უნარების გამომუშავება.


,,ყველაზე ცუდი სტერეოტიპი დღეს არის ის, როდესაც ქალს, რომელიც ბიზნესმენიცაა და დედაც ეკითხებიან: ,,როგორ ახერხებ ამას“? ნეტავ, კაცებს ოდესმე თუ დაუსვამენ ამ შეკითხვას? საქმე იმაშია, რომ მეწარმე ქალებს, მამაკაცი კოლეგებისგან განსხვავებით, სრულიად განსხვავებული უნარები აქვთ გამომუშავებული და ეს აუცილებლობის გამო ხდება. ჩემგან შორს არის, ამ ყველაფერს შევხედო და გავიფიქრო, რომ ჩვენ იძულებულები ვართ წიხლებით და ყვირილით ვისწავლოთ მუშაობა უფრო ძლიერად, ჭკვიანურად და ეფექტურად, ვიდრე ამას ჩვენი კოლეგა მამრობითი სქესი აკეთებს. ჩემი გამოცდილებით უმჯობესია გამოწვევებზე ვიფიქროთ, რომ ისინი საჩუქარია“ . _ თვლის მითა და მიაჩნია, რომ ქალები ბიზნესში ძირითადად 6 რამეს სწავლობენ. ესენია:

1. მუდმივი გამოწვევები გაძლევს უნარს უფრო უკეთესად გადალახო ისინი


,,ბიზნესმენები ცნობილნი არიან, როგორც ადამიანები, რომლებიც, ზოგადად, ეჭვქვეშ აყენებენ მოლოდინებს და არღვევენ ნორმებს. ჩვენ, ქალი ბიზნესმენები, დასაწყისშივე ვარღვევთ ნორმებს, როდესაც მივდივართ ბიზნესში. რადგანაც ბიზნეს სამყაროში უმცირესობაში ვართ, ჩვენი ბიზნესიც მაშინვე უმცირესობაში ხვდება - მსოფლიოში არ არის იმდენივე ქალი ბიზნესმენი, რამდენიც მამაკაცია“.


2. თქვენ თვითონ უნდა მოითხოვოთ ,,ადგილი მაგიდასთან“, სხვა არავინ მოგცემთ მას


,,ის, რაც ყოველთვის მხიბლავს არის, ის თუ როგორ ინარჩუნებენ ქალები სიძლიერეს ისეთ სიტუაციებში, როდესაც ისინი აშკარა უმცირესობაში არიან. ჩემი აზრით, ყველაზე ძლიერ, მიზანდასახულ ბიზნესმენ ქალებს ძალას აძლევთ მათივე რწმენა: რწმენა საკუთარი ბიზნესის და იმ უფლების, ჰქონდეთ ,,ადგილი მაგიდასთან“. ეს არ არის იოლი, მაგრამ ქალები დროთა განმავლობაში სწავლობენ, როგორ გახდნენ საკუთარ თავზე ორიენტირებულები, მაშინაც კი, როდესაც ყველას უნდა მათი ხელის კვრა“.


3. აუცილებლად უნდა ისწავლო მოითხოვო ის, რაც გინდა და გჭირდება


,,იცით თუ არა, რომ ქალი ბიზნესმენებისთვის ინვესტიციების მოზიდვა უფრო რთულია, ვიდრე მამაკაცებისთვის? ქსელის შექმნაც რთულია, ისევე როგორც დაფინანსების უზრუნველყოფა, რაც ნებისმიერი ახლად დაწყებული ბიზნესისთვის ფრთებია, მიწას რომ მოწყდეს და აფრინდეს. ინვესტორები ინვესტიციებს დებენ იმ ადამიანთა ბიზნესში, რომლებიც მათ რაღაცნაირად ჰგავს, და ცხადია, ცოტაა ქალი ინვესტორი, რადგანაც ცოტა ქალია ბიზნესში ჩართული. როდესაც დაბრკოლება შეგხვდებათ გზად, გონიერება უნდა გამოიჩინოთ და გადალახოთ“.


4. სერიოზულად მოეპყარით საკუთარ თავს მაშინაც კი, როდესაც სხვები ასე არ იქცევიან


,,ჩვენ უნდა ვისწავლოთ, საკუთარ თავს მოვეპყროთ სერიოზულად. ეს არამარტო სერიოზული უნარია ბიზნესში, არამედ ზოგადად ცხოვრების შეუცვლელი უნარია. კაცებს ჩვენზე მეტი რამ ეძლევათ ცხოვრებაში, და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე და მივცეთ ის, რაც არასდროს მოგვეცემოდა. ეს აძლიერებს ადამიანს და ამიტომაც, რა გასაკვირია, რომ ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი ქალები ყველაზე თავდაჯერებული ქალები არიან, რომლებსაც ოდესმე შევხვედრილვარ“.


5. დახმარების თხოვნა სიძლიერეს ნიშნავს და არა სისუსტეს


,,სტერეოტიპია, თითქოს, მძიმე მდგომარეობაში მამაკაცები უფრო ნაკლებად ითხოვენ დახმარებას ვიდრე ქალები, თუმცა ამაში სიმართლეც ურევია. კვლევებით დამტკიცებულია, რომ ქალები უმეტესად მდგომარეობის გამწვავებამდე მიდიან ექიმთან, საჭიროების შემთხვევაში უფრო ხშირად უერთდებიან დამხმარე ჯგუფებს და უფრო სწრაფად ეხმარებიან მათ, ვისაც მიშველება ჭირდება. ეს თვისებები, რომლებიც არასწორად სისუსტეებად არის მიჩნეული, არის ზუსტად ის უნარები, რაც ქალებს წარმატებულ ბიზნესმენებად აქცევთ. იყო ბიზნესმენი ნიშნავს, ზოგჯერ თავიდან გამოიგონო ბორბალი. ბევრი რამ არის სასწავლი და ვაკუუმში ვერაფერს გააკეთებ. იმისათვის, რომ ადამიანმა რაიმე შექმნას ნულიდან, მნიშვნელოვანია მხარდაჭერა და თანამშრომლობა“.

6. უნდა იპოვო ბალანსი ცხოვრებისეულ მოთხოვნებსა და საკუთარ საჭიროებებს შორის


,,სტრესი თან ახლავს არამარტო ბიზნესს, არამედ ოჯახურ ცხოვრებასაც. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქალებს უფრო მეტად აქვთ განვითარებული ინსტიქტი, ცხოვრების ტემპი შეანელონ, დამშვიდდნენ და იზრუნონ საკუთარ თავზე, მაშინაც კი, როდესაც დატვირთული ცხოვრება დიდი გამოწვევაა... როდესაც აღმოაჩენთ საკუთარი თავის მოვლის ჩვევას, რომელიც თქვენზე ყველაზე კარგად მუშაობს, შეძლებთ და ყოველდღიურად გამოყოფთ დროს იმისათვის, რომ იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე“.



ქალი პარტნიორი ბიზნესში


დღეს, რასაკვირველია, არავინ დავობს იმაზე, რომ ქალი და მამაკაცი განსხვავებული ფსიქოლოგიის/ფიზიოლოგიის მქონე არსებები არიან. ეს განსხვავებულობა ყველა სფეროში ჩანს და ბიზნესიც ერთ-ერთი მათგანია. თუმცა აქ სრულიად სხვა შესაძლებლობები იხსნება ორივე სქესის წარმომადგენელთათვის. ჩემი აზრით, ბიზნესში სქესის განცდა იკარგება და წინა პლანზე საერთო საქმე და მისი გამოწვევები დგება. იქნებ, ამიტომაც ქალი და მამაკაცი ბიზნესში ნაკლებად ღალატობენ ერთმანეთს და აქ დაწყებული მეგობრობა უფრო მყარი და მტკიცეა.

ავსტრალიელი ბიზნესმენი, DIPAC-ის დამფუძნებელი და დირექტორი დარლინ ბარტონი დარწმუნებულია და ამტკიცებს, რომ ქალები საუკეთესო ბიზნეს პარტნიორები არიან. ,,ღია კომუნიკაცია, საკითხების განხილვისა და შეპირისპირებისთვის მზაობა, თანაც ამავე საკითხების მიმართ გულწრფელი ემოციით და კომპრომისით მიდგომა - ასე იქცევა ქალების უმრავლესობა საქმიანი ურთიერთობების დროს და ეს არის გზა ბედნიერი, ჯანსაღი და, ამავე დროს, წარმატებული პარტნიორობის.“ ამიტომაც ის ურჩევს ბიზნესმენ მამაკაცებს ქალი პარტნიორები აირჩიონ. ამას ბარტონი იმ 5 მთავარი მიზეზით ხსნის, რაც ქალებს ახასიათებთ და რასაც წარმატება მოაქვს ბიზნესში. მოდი, განვიხილოთ ხუთივე მათგანი:


1. ქალები უფრო მეტად განიხილავენ საკითხებს


,,არ აქვს მნიშვნელობა, ბიზნეს საკითხები იქნება თუ პირადი, დიდი თუ პატარა, ჩემი გამოცდილებით ერთი რამ ცხადია - როდესაც ბიზნესის წარმომადგენლებს კონფლიქტების განხილვის დროს ვესწრებოდი, ქალები თავიდანვე ცდილობდნენ საკამათო საკითხების წინა პლანზე წამოწევას“.


2. ქალები ემოციურად უფრო გახსნილები არიან


,,სხვადასხვა საკითხების მიმართ საჯაროდ გახსნით და ემოციების გამოხატვით უზრუნველყოფ იმას, რომ ეს საკითხები გაიხსნება, მოგვარდება და გადაწყდება. თანაც ამით თანამშრომლებს აჩვენებთ, რომ გახსნილი ხართ მათი გრძნობების განსახილველად და მხარდასაჭერად“.


3. ქალები უფრო მეტად მიდიან კომპრომისზე


,,იყო მოქნილი და ღია სხვადასხვა მოსაზრებების, პერსპექტივებისა და ვარიანტებისთვის, ნიშნავს იმას, რომ მოლაპარაკებები უფრო წარმატებული იქნება და ბიზნესიც შეძლებს წინსვლას“.


4. ის უფრო მეტია, ვიდრე ბიზნესი


,,პარტნიორებს, კოლეგებს, თანამშრომლებს და მომხმარებლებს შორის წარმატებული ურთიერთობების მხარდაჭერით ბიზნესი უფრო მეტად მიიწევს წინ და ითვისებს ბაზრებს და ტრენდებს. ამასთან, უფრო პოზიტიური გარემოს შემთხვევაში თანამშრომლები მარტო კი არ მიისწრაფვიან სამსახურში, არამედ მთელი არსებითაც მუშაობენ“.

5. ეგო არ არის დიდი პრობლემა


,,ჩვენ დავეთანხმებით ამას თუ არა, მამაკაცები მაინც ცდილობენ იყონ მამაკაცურები, ძლიერები და წარმატებულები. ქალები კი საერთოდ არ დგანან იმ გამოწვევის წინაშე, ისინი ძლიერებად აღიარონ. ამიტომაც ქალები სიამაყეს მიზნებზე მაღლა არ აყენებენ; მათ ურჩევნიათ განიხილონ და გადაწყვიტონ საკითხები/პრობლემები, ვიდრე თავიანთი სიამაყის გამო თავი შეიკავონ“.


წარმატებული წყვილები ბიზნესში


წყვილები ბიზნესში საერთო გამოწვევების წინაშე დგანან. სტრესი, მიზნები, მისია, წარმატება, მარცხი - ყველაფერი საზიაროა, მაგრამ მაინც განსხვავდება პირადი ურთიერთობებისგან. ,,საყვარელი ადამიანები ერთ საქმეს არ უნდა აკეთებდნენ“- არსებობს ეს სტერეოტიპი, თუმცა, რეალობა მაინც სულ სხვაა. მსოფლიოში უამრავი წარმატებული ოჯახური ბიზნესი, დიდი თუ პატარა კომპანია არსებობს. თუმცა, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე ბიზნესშიც ყველა წყვილი ვერ ახერხებს ერთიანობას. მაინც რა არის წყვილებისთვის წარმატებული ბიზნეს საქმიანობის საიდუმლო? თუ ტონი რობინსს და მის გუნდს დავუჯერებთ, ბიზნესში წარმატებული ურთიერთობის ასაწყობად, კარგია, თუ წყვილები შემდეგ რჩევებს გაითვალისწინებენ:


1. შეადგინეთ სტრესის მართვის გეგმა


ბიზნესის დაწყებას და მართვას თან ახლავს სტრესი, ისევე როგორც პირად ურთიერთობას. თუმცა, ბიზნესის შემთხვევაში ის შეიძლება უფრო გამწვავდეს, თუ პარტნიორებს საქმიანი დამოკიდებულება არ ექნებათ ერთმანეთის მიმართ. ამიტომაც მნიშვნელოვანია, ბიზნესში ჩართულმა წყვილებმა შეიმუშაონ სტრესის მართვის გეგმა, რომელიც მოიცავს ისეთ მიდგომებს, როგორიცაა განმუხტვის შემდეგ პასუხების გაცემა, ირაციონალური აზრების განხილვისა და გადახედვის გზები, დაძაბულ სიტუაციებში ტაიმ-აუტის აღება და ასე შემდეგ.


2. დაე, საძინებელი იყოს საძინებელი


საძინებელი უნდა იყოს პირადი სივრცე - განტვირთვის, დასვენების, მოდუნების სივრცე. როდესაც საძინებელში ლეპტოპით მუშაობთ, სმარტფონით წერილებს აგზავნით ან საქმეზე საუბრობთ - ამით აიძულებთ საკუთარ ტვინს ეს სივრცე სხვა დანიშნულების ადგილად მიიჩნიოს. ამასთან, ამ ტიპის საქმიანობა არის სტრესის სტიმულატორი და იწვევს ორგანიზმში კორტიზოლის გამოყოფას, რაც დაკავშირებულია სიფხიზლის ზრდასთან. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩაძინება და, მითუმეტეს, ღრმა ძილი რთული იქნება. ძილის ნაკლებობა კი აისახება მეორე დღეს და არც თუ სახარბიელო ფორმაში აღმოჩნდებით.


3. დაიცავით საქმიანი ეტიკეტი


მიუხედავად იმისა, რომ რთულია მეორე ნახევარს მოექცე როგორც ,,კოლეგას“, მაინც აუცილებელია ეტიკეტის დაცვა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცივად მოექცეთ პარტნიორს და დისტანცია დაიჭიროთ. პირიქით, ყურადღებიანი უნდა იყოთ და უსმინოთ პარტნიორს. როდესაც ყურადღებით უსმენთ, ამით აჩვენებთ, რომ აფასებთ მის წვლილს ბიზნესში და პირად ურთიერთობაში.


4. გადით გარეთ


ბევრი წყვილი, ოჯახურ ბიზნესს როდესაც იწყებს, სახლს ოფისად აქცევს ხოლმე. ზოგჯერ ეს გარდაუვალია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც უმჯობესია წყვილმა კვირაში ერთი დღე მაინც სახლის გარეთ გაატაროს და ასე იმუშაოს. ეს არამარტო მონოტონურობას აგაცილებთ, არამედ უფრო ნაყოფიერიც იქნება. ამით ასევე შთაგონებას და კრეატიულობას სტიმულს მისცემთ. როდესაც ახალ გარემოს, ახალ ადამიანებს და ახალ ენერგიას გამოცდით, ამ გზით იპოვით ახალ პერსპექტივებს, დაამყარებთ ახალ კავშირებს და მიიღებთ ახალ რესურსებს - ყოველივე ეს კი ხელს შეუწყობს ახალი იდეების წარმოშობას.


5. დააჯილდოვეთ ერთმანეთი კომპლიმენტებით


ყოველდღიურად წესად აქციეთ, ერთმანეთის ძლიერი მხარეები აღმოაჩინოთ. როდესაც თქვენი პარტნიორი ძალისხმევას დებს რაიმე საქმეში ან კარგად აკეთებს რაღაცას, არ დატოვოთ შეუმჩნეველი. კომპლიმენტები აჩვენებს მადლიერებას, რაც პარტნიორს საშულებას აძლევს თავი იგრძნოს დაფასებულად. როდესაც თავს დაფასებულად გრძნობთ, უფრო მეტად ერთგული ხართ საკუთარი საქმის და, საბოლოო ჯამში, ურთიერთობის.


6. იპოვეთ საერთო ღირებულებები


რა თქმა უნდა, პირადი ურთიერთობები მნიშვნელოვანია, თუმცა არანაკლებ წარმატებული იქნება თუ ხედვას გააერთიანებთ ბიზნესში. გაქვთ საერთო ღირებულებები? გადახედეთ მისიის განაცხადს. ასახავს ის თქვენს საერთო მიზნებს ბიზნესში? თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ მისიის განაცხადი ჩამოყალიბებული, მაშინ მისი მოფიქრების დროა.


ბიზნესი ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც ცხოვრება. დროთა განმავლობაში იცვლება მიზნები, აქტივობები, რწმუნებულებები, ტენდენციები. დრომ მოიტანა და დღეს ყველა სფეროში ქალის როლი და მნიშვნელობა გაიზარდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მამაკაცი დაკნინდა ან ,,დაპატარავდა“. პირიქით, ამით ქალის და მამაკაცის ურთიერთობა უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდა. ასეა ბიზნესშიც, აქ როგორც ქალისთვის, ისე მამაკაცისთვის ურთიერთობის, ურთიერთგაგების, პარტნიორობის ახალი პერსპექტივები და გამოწვევები გაჩნდა.







25 views0 comments

Comentarios


Post: Blog2_Post
bottom of page