კომპანიის მისია - როგორ განვსაზღვროთ და დავწეროთ?
- Tamo Kapi
- Feb 13, 2021
- 2 min read
Updated: Jul 13, 2021
მომხმარებელთა ინტერესები და შთაბეჭდილებები - ეს ის ოკეანეა, სადაც ბევრი კომპანია დაკარგა ან გზა ვეღარ გაგრძელა. არიან ისეთებიც, რომლებიც სტრატეგიული და სწრაფი ცურვის შემდეგ ,,ხმელეთზე“ აღმოჩნდნენ. რა არის ის ,,უხილავი მარშუტი“ თუ ,,ჯადოსნური რუკა“, რამაც მათი წარმატება განსაზღვრა? ეს, არც მეტი, არც ნაკლები, დასაწყისშივე კომპანიის მისიის ზუსტი და ნათელი განსაზღვრებაა.
კომპანიის მისია - თითქოს ,,ხმამაღალი“ განაცხადია. რეალურადაც ასეა. კომპანიის მისია მათემატიკურ ფორმულას ჰგავს, მაგრამ არ არსებობს მისი შექმნის ,,ზუსტი“ ფორმულა. მისია იბადება კომპანიასთან ერთად, მასავით ვითარდება და გზადაგზა იცვლება კიდეც.
კარგად ფორმულირებული მისია არის
· ბიზნესის ზუსტი ორიენტირი;
· ახალი იდეების შთაგონების წყარო;
· კომპანიის კულტურის და იმიჯის განმსაზღვრელი;
· ბრენდის საყრდენი და საფუძველი.
მისიის ფორმულირებისას ყურადღება უნდა გაამახვილოთ 4 მთავარ ელემენტზე, ესენია:
· ფასეულობა
ისაუბრეთ თქვენი კომპანიის ფასეულობებზე და იმ გზებზე, რითაც თქვენი მომხმარებლების ცხოვრებას აუმჯობესებთ.
· სტიმულირება
აღწერეთ ის ნიშნები, რითაც განსხვავდება თქვენი კომპანია კონკურენტებისგან და რატომ არის ისინი მნიშვნელოვანი.
· დამაჯერებლობა
ნათლად წარმოაჩინეთ თქვენი ბიზნესის არსი. თავი აარიდეთ დიდ წინადადებებს, ისინი რთულად დასამახსოვრებელია.
· სპეციფიკურობა
თავი აარიდეთ იმ ზოგად ფორმულირებებს, სადაც არ ჩანს თქვენი კომპანიის უნიკალურობა.
რა? ვინ? როგორ? რატომ? - ეს არის ის ძირითადი კითხვები, რომლებიც მისიის განაცხადის შექმნაში დაგეხმარებათ:
რა? - რა არის ჩვენი საქმიანობის სფერო და რას ვემსახურებით? რა სახის პროდუქტებს ან სერვისს ვთავაზობთ მომხმარებლებს?
ვინ? - ვის ვემსახურებით? ვინ არიან ჩვენი მომხმარებლები? რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათი ცხოვრება გაუმჯობესდეს? რა გზით შევუწყობთ ხელს მათ წარმატებას?
როგორ? - როგორ ვყიდით? რა დონის სერვისს ან მომსახურებას ვთავაზობთ? როგორ ვემსახურებით ჩვენს მომხმარებლებს? ვიღებთ ამით სარგებელს?
რატომ? - რატომ ვემსახურებით ჩვენს მომხმარებლებს ? რატომ ვართ ბიზნესში? რა სახის ფასეულობები შემოგვაქვს? როგორი ბიზნეს სტილი გვინდა, რომ დავამკვიდროთ?
მისიის მთავარი ამოცანაა ზუსტად უპასუხოს მომხმარებელთა მოთხოვნებს და ბაზარზე არსებულ გამოწვევებს. საჭირო არ არის გრძელი და მოსაწყენი ტექსტის დაწერა. მისიის განაცხადი, სასურველია იყოს ადვილად დასამახსოვრებელი - დაახლოებით 2-4 წინადადება. მოკლე ფრაზებში უნდა ჩაეტიოს კომპანიის არსებობის და საქმიანობის მთავარი ფილოსოფია, მაგრამ ის ლამაზ ფორმულირებად არ უნდა დარჩეს. სასურველია, მისიის განაცხადი თანამშრომლების საქმიანობის მთავარ პრიორიტეტად იქცეს, მომხმარებლებმა კი მისი დახმარებით კომპანიის მნიშვნელობა და გამორჩეულობა გააცნობიერონ.
ცნობილი კომპანიების მაგალითები:
პროქტერ & გემბელი
,,ჩვენ გაწვდით ბრენდად ქცეულ პროდუქტებს, უმაღლესი ხარისხის მომსახურებას და ფასეულობას, რაც აუმჯობესებს მსოფლიო მომხმარებლების ცხოვრებას.“
ვოლმარტი
,,ჩვენთან ადამიანები ფულს ზოგავენ, ასე რომ მათ შეუძლიათ უკეთესად იცხოვრონ.“
ბიბისი
,,ვამდიდრებთ ადამიანების ცხოვრებას ისეთი პროგრამებითა და სერვისებით, რომლის წყალობითაც ისინი ეცნობიან ინფორმაციას, სწავლობენ და ერთობიან“.

Comentários