რატომ არის ბლოგ პოსტი ბიზნესის მხარდამჭერი? ალბათ იმიტომ, რომ ბლოგი შესანიშნავი საშუალებაა შექმნათ და გამოაქვეყნოთ სამიზნე აუდიტორიისთვის საინტერესო, მიმზიდველი და აქტუალური კონტენტი. ეს ზრდის შანსს მიიზიდოთ ახალი ვიზიტორები, გარდაქმნათ ისინი ლიდებად და გახდეთ ,,აზრის ლიდერი“ თქვენს ინდუსტრიაში. რაც უფრო მეტად იაქტიურებთ ამ კუთხით, მით უფრო მეტი ადამიანი ჩაგთვლით კვალიფიციური ინფორმაციის სანდო და საიმედო წყაროდ. ეს კი გაზრდის ბრენდის ცნობადობას, კონვერსიას და, საბოლოოდ, შემოსავალს.
ბლოგ პოსტის შექმნა არ არის რთული, მაგრამ ის არც ჟურნალისტური სტატიაა, არც მხატვრული ნაწარმოები და არც ,,მშრალი“ დოკუმენტი. თუმცა, კარგი ბლოგ პოსტი ყოველთვის საინტერესოა, მიმზიდველი და შინაარსიანი.
ყველაფერი იწყება სათაურით. ეს არის პირველი, რაც ვიზიტორს ხვდება თვალში და რასაც თავდაპირველად ეცნობა. სათაური, რასაკვირველია, უნდა შეესაბამებოდეს განხილულ საკითხს, შეიცავდეს ,,ქივორდ(ებ)ს“ და იწვევდეს ინტერესს. HubSpot -ის კვლევების მიხედვით:
· ბლოგ პოსტის სათაური იდეალურ შემთხვევაში 56-60 სიმბოლოს უნდა შეიცავდეს (გუგლი არ ითვლის სიმბოლოებს, ის პიქსელებით აღიქვამს ტექსტს. ორგანული ძიების დროს პიქსელების რაოდენობა 500-დან 600-მდეა, რაც დაახლოებით 60 სიმბოლოს უდრის).
· 8-12 სიტყვიან სათაურებს ხშირად აზიარებენ ,,თვითერზე“, 12-14 სიტყვიან სათაურებს კი ,,ფეისბუქზე“ (გაითვალისწინეთ, რომ ეს ამერიკაში ჩატარებული კვლევების მონაცემებია).
თუ, მაინცდამაინც, დიდი სათაურის გამოყენება გინდათ, მაშინ ,,ქივორდებით“ დაიწყეთ, ძიების დროს უკეთესი შედეგი რომ მიიღოთ. არსებობს 2 სახის - მოკლეკუდა და გრძელკუდა საკვანძო სიტყვები (ქართულად შეგვიძლია ასე ვთარგმნოთ). მოკლეკუდა ,,ქივორდები“ (Short Tail Keywords) 1-2 სიტყვისგან შედგება, უფრო ზოგადია და მხოლოდ კატეგორიას აღნიშნავს. მაგალითად: კონტენტ მარკეტინგი. რაც შეეხება გრძელკუდა ,,ქივორდებს“ (Long Tail Keyords), ისინი 3 ან მეტი სიტყვისგან შედგება და უფრო დეტალურად/უკეთესად აღწერს თემას/საკითხს. მაგალითად: ,,კონტენტ მარკეტინგის სარგებელი“.
სათაურის შემდეგ მნიშვნელოვანია შესავალი. შეეცადეთ ის იყოს მიმზიდველი და ,,დამაინტრიგებელი“ იმდენად, რომ დაინტერესებულმა ვიზიტორმა არ შეწყვიტოს კითხვა. სასურველია, შესავალი 100-200 სიტყვას მოიცავდეს.
ბლოგ პოსტი არ უნდა გამოვიდეს ძალიან გრძელი. იდეალურია 800-2,100 სიტყვა. პოსტის მთლიან ნაწილში შეგიძლიათ ,,ქივორდების“ ან ,,ქივორდებიანი“ ფრაზების გამოყენება/გამეორება, თუმცა ეს ბუნებრივად უნდა შეესაბამებოდეს ტექსტს და არ იყოს ხელოვნურად ,,ჩატენილი“.
მნიშვნელოვანია ე.წ. ,, white space“ . ეს არის ცარიელი ადგილები, რაც საშუალებას აძლევს მკითხველს ყურადღება გაამახვილოს შინაარსზე და არა გადატვირთულ ტექსტზე. არ დაწეროთ უშველებელი პარაგრაფები, რაც ინფორმაციას ამძიმებს და არც თუ იოლი წასაკითხია.
მულტიმედიური და ვიზუალური ელემენტები უფრო საინტერესოს და მიმზიდველს ხდის ტექსტს. გამორჩეული სურათები, როგორც წესი, ტექსტის ზემოთ უნდა განთავსდეს; ისინი უფრო მეტად მიიზიდავს და ,,დააინტრიგებს“ მკითხველს. ამასთან, სურათები, ვიდეოები, აუდიო ჩანაწერები, შეგიძლიათ ტექსტის სხვადასხვა ნაწილებში განათავსოთ. მკითხველისთვის ეს კიდევ უფრო მიმზიდველს, საინტერესოს და ღირებულს გახდის კონტენტს.
არ დაგავიწყდეთ ჩასვათ ,,მოწოდება მოქმედებისკენ“. ე.წ. CTA (Call To Action). თუმცა, მან არ უნდა გააღიზიანოს მკითხველი. როგორც წესი, ვიზიტორთა უმრავლესობა პოსტს, სიტყვა-სიტყვით ბოლომდე არ კითხულობს. ამიტომაც, სასურველია, პირველივე პარაგრაფებს შორის ჩასვათ ,,მოწოდება მოქმედებისკენ“, რომელიც განმეორებით აუცილებლად უნდა განთავსდეს ტექტის ბოლოში.
ყოველი ახალი პოსტი კარგი შესაძლებლობაა ვიზიტორების და ლიდების მოსაზიდად, თუმცა წეროთ და აქვეყნოთ მხოლოდ რაოდენებისთვის, არც თუ ისე ხელსაყრელია. დაიმახსოვრეთ, ხარისხი ყოველთვის უპირატესია და უფრო ეფექტური, ვიდრე ,,არაფრის მომცემი“ რაოდენობა!
არსებობს სხვადასხვა სახის ბლოგ-პოსტები, თუმცა ყველაზე გავრცელებულია:
1. “How to” Blog Post - ბლოგ პოსტი ,,როგორ“
მსგავსი პოსტებით მომხმარებლებს სთავაზობთ ეტაპობრივ ინსტრუქციას როგორ შექმნან, გადაჭრან ან მოგვარონ ესა თუ ის პრობლემა ან საკითხი. ამას ემატება ისიც, რომ მსგავსი პოსტებით მომხმარებელზე ორიენტირებულ კომპანიად პოზიციონირდებით, რადგანაც უსასყიდლოთ სთავაზობთ მათ პრობლემის/საჭიროების მოგვარების მეთოდს. ასე ხელს შეუწყობთ თქვენი ბრენდისადმი ნდობის ამაღლებას და რწმენის განმტკიცებას.
,,როგორ“ ბლოგ პოსტები ეფექტურია:
· კალკულაციების და მათემატიკური გათვლების შემთხვევაში (მაგ.“ როგორ გამოვთვალოთ დღგ“?);
· სხვადასხვა თემების/საკითხების განმარტების და სხვადასხვა მეთოდების შეთავაზების დროს (მაგ.: ,,როგორ შევქმნათ კონტენტ სტარატეგია სოც. ქსელებისთვის?“);
· ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქცია მარტივი საკითხების მოსაგვარებლად (მაგ.: ,,როგორ გამოვრთოთ გუგლის რეკლამები?“).
2. Infographic Blog Post - ბლოგ პოსტი ,,ინფოგრაფიკა“
ბლოგ პოსტი ,,ინფოგრაფიკა“ მშვენიერი შესაძლებლობაა შექმნათ ვიზუალურად მიმზიდველი კონტენტი. მსგავსი პოსტის უმეტესი ნაწილი ინფოგრაფიკაა და, შესაბამისად, თან დართული ტექსტი მოკლე უნდა იყოს. თუმცა, აუცილებელია შესავალი და დასკვნა ინფოგრაფიკის ბოლოს, რაც მოცემულ საკითხს განავრცობს და საძიებო სისტემებში ოპიმიზაციას შეუწყობს ხელს.
3. List Blog Post - ბლოგ პოსტი ,,სია“
ადამიანებს უყვართ კალკულაციები, ციფრები და ნუსხა. ამიტომაც თქვენი ბლოგისთვის მსგავსი სახის პოსტები ეფექტური და მიმზიდველი იქნება. ბლოგ პოსტი ,,სია“ - ეს არის პოსტი სადაც მოცემულია მაგალითები, სასარგებლო რესურსები, რჩევები იმ თემებთან/საკითხებთან დაკავშირებით, რაც თქვენს მომხმარებლებს აინტერესებთ/აღელვებთ ან უბრალოდ სურთ მეტი ინფორმაციის მიღება. სია 10-ზე მეტი შეიძლება იყოს, მაგრამ ჩამონათვალი ძირითადად მაინც 5-20 ერთეულის შუალედში მერყეობს.
მაგალითები ასეთი პოსტებისთვის:
· მაგალითი (8 საუკეთესო მაგალითი ,,ფეისბუქ“ პოსტებისთვის);
· საფეხური (4 მნიშვნელოვანი საფეხური მარკეტინგში წარმატების მისაღწევად);
· რჩევა (11 რჩევა საუკეთესო რეზიუმეს შესაქმნელად);
· მეთოდი/საშუალება (5 საშუალება თუ როგორ დავწეროთ ეფექტური სამოტივაციო წერილი);
· იდეა (7 კრეატიული იდეა ბაღის გასაფორმებლად);
· სტატისტიკა (11 მნიშვნელოვანი ფეისბუქ სტატისტიკა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ);
· ფაქტი (9 საინტერესო ფაქტი სტიქიური მოვლენების შესახებ);
· მითი (10 ყველაზე გავრცელებული მითი კონტენტ მარკეტინგის შესახებ).
4. News jacking Blog Post - ბლოგ პოსტი ,,ნიუს ჯექინგ“
ადამიანებს უყვართ სიახლეების გაცნობა ონლაინ. ამიტომაც, თუ სიახლეებით დააინტერესებთ სამიზნე აუდიტორიას, რატომ არ უნდა ისარგებლოთ ამ შესაძლებლობით?!
ტერმინი ,,ნიუს ჯექინგ“ უკავშირდება დევიდ მიერმან სკოტს და მის წიგნს სახელწოდებით Newsjacking: How to Inject Your Ideas into a Breaking News Story and Generate Tons of Media Coverage.
არსებობს ორი მიდგომა ,,ნიუს ჯექინგ“ ბლოგ პოსტების შექმნის შემთხვევაში: 1. წერთ მიმდინარე სიახლეებზე და 2. წერთ იმაზე, რაც მოხდა. არის კიდევ ალტერნატიული ვარიანტი, მკითხველებს აცნობოთ ახალი ამბები და შემდეგ დაუმატოთ სხვადასხვა დეტალები. მაგრამ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ერთი რამ: თუ თემა ძლიერ სენსიტიურია, სიფრთხილე გმართებთ წერის და პოზიციონირების დროს, რათა პოსტი, გამოქვეყნების შემდეგ, სადავო არ გახდეს და სარგებლის ნაცვლად, პირიქით არ დააზარალოს ბრენდი.
5. Pillar Page Blog Post - ბლოგ პოსტი ,,ფილარ ფეიჯი“
ფილარ ფეიჯის დანიშნულებაა, იყოს ინტერნეტში კონკრეტული თემის ავტორიტარული ფეიჯი და პირველადი სახელმძღვანელო, რომელიც მკითხველს სრულყოფილ ინფორმაციას გააცნობს გარკვეული საკითხის გარშემო. ფილარ ფეიჯი, როგორც წესი, დაკავშირებულია სხვა მონათესავე საკითხებსა და თემებთან, რასაც ,,კლასტერ თემები“ (Cluster Topics) ჰქვია. მსგავსი სახის პოსტები მიხვდებით, ალბათ, რომ დიდი მოცულობისაა და დაახლოებით 2000-5000 სიტყვას მოიცავს. ამიტომაც, სასურველია, ასეთი გრძელი ტექსტები ინტერაქტიული კონტენტით და ვიზუალური ელემენტებით შეავსოთ. მაგალითად, გამოიყენოთ ვიდეო ან სოც-მედია პოსტები. ასე ერთფეროვანი გრძელი ტექსტი უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდება.
6. “What is” Blog Post - ბლოგ პოსტი ,,რა არის“
ზოგჯერ უბრალოდ გვჭირდება სწრაფად მოვიძიოთ პასუხები კითხვებზე: ვინ არის? რატომ არის? რა არის? როდის არის? ასეთ შემთხვევებში ეფექტურია ,,რა არის“ ბლოგ პოსტი, რომელიც კიდევ ერთი შესაძლებლობაა უპასუხოთ პოტენციურ მომხმარებელთა კითხვებს მათთვის საინტერესო თემებთან/საკითხებთან დაკავშირებით.
მსგავსი სახის პოსტები ეფექტურია შემდეგ შემთხვევებში:
· ტერმინის/ცნების/საკითხის განმარტებისას;
· კალკულაციების და მათემატიკური გათვლების ახსნისას.
7. Thought Leadership Blog Bost - აზრის ლიდერი ბლოგ პოსტი
მსგავსი სახის პოსტები საშუალებას გაძლევთ გააზიაროთ კომპეტენტური ცოდნა/გამოცდილება კონკრეტულ საკითხთან/თემასთან დაკავშირებით. ასეთი პოსტები შესაძლებელია დაწეროთ პირველ პირში და საკუთარი მოსაზრებები/ისტორიები გულწრფელად გაუზიაროთ მკითხველს.
აზრის ლიდერი ბლოგ პოსტები კარგია აუდიტორიის ნდობის მოსაპოვებლად, ისინი პერსონალურ ბლოგს ძალიან ,,უხდება”.
8. Guest Post - სტუმარი პოსტები
სტუმარი პოსტი არის ბლოგ პოსტის ტიპი, როდესაც იყენებთ სხვების აზრებს/მოსაზრებებს და მათ მიერ შექმნილ კონტენტს. მაგალითად, თუ გსურთ გარე ექსპერტის მოსაზრება მოისმინოთ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, სტუმარი პოსტი შესანიშნავი საშუალებაა. თემატური თვალსაზრისით მსგავსი პოსტები თქვენს ბლოგს მრავალფეროვანს და უფრო მიმზიდველს ხდის. თან თუ ვერ ახერხებთ კონკრეტული საკითხის/თემის ირგვლივ კონტენტის მომზადებას, სტუმარი პოსტი შესანიშნავი გამოსავალია. თუმცა, აქ არ უნდა დაივიწყოთ სტილი, მიმართულება და ის სტანდარტები, რაც თქვენს ბლოგს გააჩნია.
ბლოგ პოსტის დასაწყისში იმდენი ვისაუბრე მის ეფექტურობაზე, აღარ მინდა იგივე გავიმეორო. ამიტომაც, ვეცდები საინტერესოდ დავასრულო და მოტივაცია მოგცეთ.
როდესაც მასალებს ვამზადებდი, ერთი ბლოგერის სტატიას გავეცანი, სადაც ის ბლოგ პოსტის შექმნას მანქანის მართვას ადარებდა. მართალია, გზების შესწავლას დრო ჭირდება, მაგრამ ამ მიზეზით გასეირნებაზე და ახალი, საინტერესო ადგილების აღმოჩენაზე რატომ უნდა თქვათ უარი? ხომ შეგიძლიათ საჭეს მიუჯდეთ და გაჰყვეთ გზას, რომელსაც კარგად არ იცნობთ, მაგრამ დროთა განმავლობაში მოვა ცოდნა და, მოვა გამოცდილება. ბლოგ პოსტის შექმნას მხოლოდ თეორიულად მაინც ვერ ისწავლით, ამიტომაც პრაქტიკის დროა!
წარმატებებს და საინტერესო პოსტებს გისურვებთ!
Comentários